თეორია: კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა

როდესაც


როდესაც ის კონცერტრირდება,
ყველაფერს აქვს მნიშვნელობა:
როდესაც ის მედიტირებს,
არაფერს აქვს მნიშვნელობა
როდესაც ის ჭვრეტს
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ღმერთს.

თუ ვგრძნობთ, რომ კმაყოფილნი ვართ იმით, რასაც ვფლობთ, და იმით, რანიც ვართ, მაშინ ჩვენში არაა მედიტაციის სფეროში შესვლის აუცილებლობა. ჩვენ მივმართავთ მედიტაციას იმიტომ, რომ განვიცდით შინაგან შიმშილს. ვგრძნობთ ჩვენში რაღაც ნათელს, უსაზღვროს, ღვთაებრივს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ამ წამს არ გვაქვს მასთან მისასვლელი გზა. ასე რომ ჩვენი შიმშილი გამოწვეულია სულიერი მოთხოვნილებით.

მედიტაცია არ ნიშნავს უბრალოდ ხუთი-ათი წუთით სიჩუმეში ჯდომას, მედიტაცია ითხოვს შესაბამის ძალისხმევას. გონება უნდა დააწყნარო და უნდა გააჩუმო, მაგრამ ამავდროულად ის ფხიზელი უნდა იყოს და არ უნდა შემოუშვას არანაირი განყენებული აზრები ან სურვილები. როდესაც ჩვენ გავაჩუმებთ და დავაწყნარებთ გონებას, ვიგრძნობთ იმას, თუ როგორ წარმოიშვება ჩვენში ახალი ქმნილება. როდესაც გონება არაფრითაა დაკავებული და მშვიდადაა, მთელი ჩვენი არსება ცარიელ ჭურჭლად იქცევა. ჩვენ შინაგან არსებას შეუძლია მოუხმოს უსაზღვრო სიმშვიდეს, სინათლესა და ნეტარებას ამ ჭურჭელში შესასვლელად და მის შესავსებად. აი ეს არის მედიტაცია.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ეს ჩვენ ვცდილობთ მედიტირებას, მედიტაცია რთული გვეჩვენება. მაგრამ ნამდვილი მედიტაცია ჩვენ მიერ არ სრულდება. მას ასრულებს ჩვენი შინაგანი მესაჭე, უზენაესი, რომელიც გამუდმებით მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით. ჩვენ მხოლოდ ჭურჭელი ვართ. და ჩვენ ვაძლევთ მას უფლებას განგვმსჭვალოს მთელი თავისი ცნობიერებით. ჩვენ ვიწყებთ პირადი ძალისხმევით, მაგრამ საკმარისია ჩავღრმავდეთ - ვხედავთ იმას, რომ ეს არაა ჩვენი ძალისხმევა რაც გვაძლევს ნებას შევიდეთ მედიტაციაში. სწორედ რომ უზენაესი მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით, ჩვენი შეგნებული ნებართვით და თანხმობით.

* * *

მედიტაციის პრაქტიკა უნდა იყოს სპონტანური, გასულიერებული და სწორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელი ეჭვი დაახშობს გონებას, გულში კი შემოიპარება სრული იმედგაცრუება. და, შესაძლოა, თქვენ აღმოაჩინოთ მთელი თქვენი არსება შემწყვდეული პირდაღებული უფსრკულის სიღრმეებში.

მედიტაციისთვის საჭიროა შთაგონება. შთაგონებაში მოგიყვანთ წმინდა წერილები. იმისათვის რომ შეიძინო სასულიერო წიგნი საჭიროა ათი წამი. იმისათვის რომ წაიკითხო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე საათი და იმისათვის, რომ გაიაზრო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე წელიწადი. ხოლო იმისათვის, რომ იცხოვრო ჭეშმარიტებით საჭიროა არა მარტო მთელი სიცოცხლე, არამედ რამოდენიმე ინკარნაციაც კი.

მედიტაციისთვის საჭიროა მისწრაფება. სულიერი მასწავლებლის ფიზიკურ ან სულიერ დასწრებას, შეუძლია გააღვიძოს თქვენი მიძინებული მისწრაფება; მას ადვილად შეუძლია ამის გაკეთება და ხალისით გააკეთებს ამას თქვენთვის.

მისწრაფება - აი რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მიაღწიოთ მოგზაურობის მიზანს. თქვენ არ გჭირდებათ შეწუხება თქვენს რეალიზაციაზე. ამაზე იზრუნებს თქვენი მისწრაფება.

თუ თქვენი მასწავლებელი რეალიზებული სულია, მისი მდუმარე, დაჟინებული მზერა გასწავლით მედიტირებას. მასწავლებელმა არ უნდა აგიხსნათ თქვენ, როგორ უნდა მედიტირებდეთ გარეგანი საშუალებების დახმარებით. არ უნდა გაძლევდეთ თქვენ მედიტაციის გარკვეულ ტექნიკას. ის უბრალოდ იმედიტირებს თქვენზე და შინაგანად გასწავლით მედიტირებას. თქვენი სული შევა მის სულში და დაიწყებს მისგან სწავლას. ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში.

როდესაც რეალიზებული სულიერი მასწავლებელი შედის თავის უმაღლეს ცნობიერებაში, ის აღწევს მასში მყოფ ღვთაებრივობასთან ერთიანობას. მასში მყოფი ადამიანური ინდივიდუალურობა მთლიანად ერთვის უზენაესს. ამ მომენტში მასწავლებლის ცნობიერება წარმოადგენს პირდაპირ არხს სინათლისაკენ, რომლის აღმოჩენას ცდილობს მომედიტირე ადამიანი თავის გულში. მასწავლებლის ცნობიერება ხსნის და სთავაზობს იმას, რასაც მაძიებელი ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი თავის შინაგან სიღრმეებში. მასწავლებლის უმაღლეს მედიტაციასთან გაიგივება ნიშნავს მიიღო იმ ცნობიერების პირდაპირი განცდა, რომელიც წარმოადგენს ადამიანის შინაგანი ძიების მიზანს. ეს მედიტაცია არა ადამიანის პიროვნებაზეა, არამედ ღვთაებრივ ცნობიერებაზეა მიმართული, რომელიც იყენებს ადამიანს, როგორც თავისი გამოვლენის ინსტრუმენტს.

* * *

გული - სულის ადგილსამყოფელია, გულში იმყოფება წყარო და რეალობა.

იმის მსგავსად, თუ როგორ ახდენთ კონცენტრირებას რომელიმე საგანზე - პორტრეტზე, ყვავილზე ან ალზე - თქვენ შეგიძლიათ გულზეც კონცენტრირება.

წარმოდგენაც კი შეუძლებელია, თუ რა შეუძლია ქნას კონცენტრაციამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონცენტრაცია - ესაა მიზნის მიღწევის ყველაზე საიმედო ხერხი. კონცენტრაცია ისარივით შედის მიზანში.

კონცენტრაცია - ისარია.
მედიტაცია - მშვილდია.

კონცენტრაციისას თქვენ ახდენთ მთელი ენერგიის ფოკუსირებას არჩეულ მოვლენაზე, იმისათვის რომ ამოხსნათ მისი საიდუმლოებანი. მედიტირებისას თქვენ ადიხართ უფრო მაღალ ცნობიერებაში.

კონცენტრაცია ცდილობს ობიექტში შეღწევას, რომლისკენაც ის არის მიმართული. მედიტაცია ცდილობს იცხოვროს მდუმარების უსაზღვრო სივრცეში.

კონცენტრაციისას თქვენ ცდილობთ არჩეული ობიექტის ცნობიერების შემოტანას უშუალოდ თქვენი შეცნობის სფეროში. მედიტირებისას თქვენ ადიხართ საკუთარი შეზღუდული ცნობიერებიდან უფრო მაღალ და უფრო ვრცელ არეში.

თუ თქვენ გსურთ დახვეწოთ საკუთარი შესაძლებლობანი – აკეთეთ კონცენტრირება და თუ გსურთ დაკარგოთ საკუთარი თავი - იმედიტირეთ.

კონცენტრაციის დანიშნულება გზის გაწმენდაა, როდესაც მედიტაციას სურს წავიდეს ან უფრო ღრმად, ან მაღლა ზევით.

კონცენტრაციას სურს დაეუფლოს ცოდნას, რომელზეც ისაა დამიზნებული, მედიტაციას სურს გაიგივდეს ცოდნასთან, რომელსაც ის ეძებს.

კონცენტრაცია ნიშნავს შინაგან მზადყოფნას და სიფხიზლეს. ყველგან ჩვენს ირგვლივ და ჩვენს შიგნით არიან ქურდები. შიში, ეჭვი, ღელვა და წუხილი - ეს შინაგანი ქურდებია, რომლებიც ცდილობენ მოიპარონ ჩვენგან შინაგანი წონასწორობა და გონების სიმშვიდე. როდესაც ჩვენ ვისწავლით კონცენტრირებას, ამ მტრულ ძალებს გაუჭირდებათ ჩვენში შეღწევა. თუ ჩვენ გონებაში ეჭვები შეაღწევენ, კონცენტრაციის ძალა მათ ნაკუწებად აქცევს. თუ ჩვენ გონებაში შეაღწევს შიში, კონცენტრაციის ძალა მას შორს განდევნის. ახლა ჩვენ ბნელი, გაუსხივოსნებელი, დამანგრეველი აზრების მსხვერპლნი ვართ, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ჩვენი კონცენტრაციის ძალის გამო, მღელვარე აზრებს პირიქით ჩვენი შიში ექნებათ.

კონცენტრაცია - ეს არის გონების დინამიური ნება, რომელიც მოქმედებს ჩვენში, რათა ჩვენ ვღებულობდეთ სინათლეს და უარვყოფდეთ სიბნელეს. ის მსგავსია ჩვენში ღვთაებრივი მეომრისა. შეუძლებელია წარმოდგენაც კი, თუ რა შეუძლია გააკეთოს კონცენტრაციამ ჩვენი მისწრაფების ცხოვრებაში. მას შეუძლია იოლად გამოჰყოს ზეცა ჯოჯოხეთისაგან, რათა ჩვენ შეგვეძლოს ვიცხოვროთ მუდმივ ზეციურ აღტაცებაში, და არა მუდმივ შფოთვებში, შიშებსა და ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებაში სანამ აქ დედამიწაზე ვიმყოფებით.

კონცენტრაციისას ჩვენ ვემსგავსებით რაიმეში შემავალ ტყვიას ან მაგნიტს, რომელიც თავისკენ იზიდავს კონცენტრაციის ობიექტს. ამავდროულად ჩვენ არ ვაძლევთ არანაირ აზრს ჩვენს გონებაში შეღწევის უფლებას, იყონ ისინი თუნდ ღვთაებრივნი ან არაღვთიურნი, მიწიერნი ან ზეციურნი, კარგნი ან ცუდნი. კონცენტრაციის დროს გონება უნდა იყოს ფოკუსირებული კონკრეტულ ობიექტზე ან საგანზე. თუ ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ ყვავილის ფურცელზე, მაშინ ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ ჩვენსა და ამ ფურცლის გარდა ამ სამყაროში მეტი არაფერი არსებობს. ჩვენ არ ვიყურებით არც წინ, არც უკან, არც ზემოთ, არც შიგნით; ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ შევაღწიოთ ამ ობიექტში კონცენტრაციის დახმარებით, შეკრებილს ერთ წერტილში. მაგრამ ეს არაა საგნის შიგნით ჩახედვის ან ობიექტში შეღწევის აგრესიული ხერხი. სავსებით არა! ეს კონცენტრაცია გამომდინარეობს უშუალოდ დაუოკებელი სულის ნების ან ნებისყოფისაგან.

* * *

მე ძალიან ხშირად მესმის მისწრაფებულნი როგორ ამბობენ, რომ არ შეუძლიათ კონცენტრირება ხუთ წუთზე მეტი. ხუთი წუთის შემდეგ მათ ეწყებათ თავის ტკივილი ან მხურვალების შეგრძნება აქვთ თავში. რატომ? ეს ხდება იმიტომ, რომ მათი კონცენტრაციის ძალა გამომდინარეობს ინტელექტუალური, ანუ, შეიძლება ვთქვათ, დისციპლინირებული გონებისაგან. გონებამ იცის, რომ არ უნდა იხეტიალოს, ამისათვის მას ცოდნა ჰყოფნის, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ გონებას, ნათელი გზით, მაშინ მასში უნდა შევიდეს სულის სინათლე. როდესაც სულის სინათლე შედის გონებაში, საათობით რაიმეზე კონცენტრირება ადვილი ხდება. ამ დროს არ არიან არც აზრები, არც ეჭვები, არც შიშები. თუ გონება სავსეა სულის სინათლით, მასში ვერანაირი ნეგატიური ძალები ვერ შეაღწევენ.

ამგვარად, კონცენტრირების დროს ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ სულის სინათლე გამოდის გულიდან და მესამე თვალის გასწვრივ მიედინება. შემდეგ ჩვენ ამ სინათლით კონცენტრაციის ობიექტში შევდივართ და მასთან გაიგივებას ვახდენთ. ჩვენი კონცენტრაციის ბოლო ეტაპია ის, რომ აღმოვაჩინოთ ფარული საბოლოო ჭეშმარიტება კონცენტრაციის ობიექტში.

* * * 

კონცენტრირებისას ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას ვახდენთ ერთ კონკრეტულ საგანზე. მაგრამ მედიტირებისას ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩვენში არის შესაძლებლობა ერთდროულად დავინახოთ, ვაკეთოთ და ავითვისოთ ბევრი რამ. მედიტირებისას ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი თავი ფრინველის მიერ ფრთების გაშლის მსგავსად. ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი სასრული ცნობიერება და შევიდეთ უნივერსალურ ცნობიერებაში, სადაც არც შიშია, არც შური, არც ეჭვი, არამედ მხოლოდ სიხარული, სიმშვიდე და ღვთიური ძალაა.

მედიტაცია ნიშნავს შეგნებულ შეზრდას უსასრულობაში. არსებითად რას ვაკეთებთ მედიტაციის დროს? ჩვენ შევდივართ ცარიელ, წყნარ, ჩუმ გონებაში და ვაძლევთ ნებას თვით უსასრულობას გვკვებოს და გვზარდოს.

კონცენტრაციის დახმარებით ჩვენ ვკრებთ თავს ერთ წერტილში, მედიტაციის დახმარებით კი ვაფართოვებთ საკუთარ ცნობიერებას უსაზღვროებამდე და შევდივართ მის ცნობიერებაში. ჭვრეტისას კი ჩვენ შევიზრდებით თვით უსაზღვროებაში და მისი ცნობიერება ხდება ჩვენი საკუთარი. ჭვრეტისას ვიმყოფებით ერთდროულად უღრმეს კონცენტრაციაში და ამასთან ერთად უზენაეს მედიტაციაში. ჭვრეტისას შევიზრდებით იმ ჭეშმარიტებაში, რომელიც დავინახეთ, შევიგრძენით მედიტაციაში და მასთან ერთ მთლიანობად ვიქცევით. როდესაც ჩვენ ვახდენთ კონცენტრაციას ღმერთზე, შეგვიძლია შევიგრძენოთ ღმერთი პირდაპირ ჩვენს წინ ან ჩვენს მახლობლად. როცა ვმედიტირებთ, აუცილებლად ვგრძნობთ ჩვენს შიგნით უსასრულობას, მარადიულობას და უკვდავებას. როდესაც ვჭვრეტთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ თვითონ ვართ ღმერთი და რომ ჩვენ თვითონ ვართ უსასრულობაც, მარადიულობაც და უკვდავებაც.

ჭვრეტა ნიშნავს, შეგნებულ ერთიანობას უსასრულო, მარადიულ აბსოლუტთან. აქ შემქმნელი და ქმნილება, მოსიყვარულე და საყვარელი, შემმეცნებელი და შესაცნობი ერთმანეთს ერთვიან. ერთ მომენტში ჩვენ ღვთაებრივი მოსიყვარულენი ვართ და ღმერთი ჩვენი უზენაესი შეყვარებულია. შემდეგ მომენტში ჩვენ ვიცვლით როლებს. ჭვრეტისას ჩვენ ვერთიანდებით შემქმნელთან და ჩვენში მთელ სამყაროს ვხედავთ. ამ დროს, საკუთარ არსებაზე მზერისას, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანს, ვხედავთ სინათლის, სიმშვიდისა და ნეტარების გენერატორის მსგავსს რამეს.

თუ ჩვენ ვმედიტირებთ ფორმის არმქონე კონკრეტულ ღვთაებრივ თვისებაზე, როგორებიცაა სინათლე, სიმშვიდე, ნეტარება, ან თუ ჩვენ აბსტრაქტულად ვმედიტირებთ უსასრულობაზე, მარადიულობაზე ან უკვდავებაზე, მაშინ მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობთ ჩვენში მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს. ჩვენ ვმედიტირებთ სიმშვიდეზე, სინათლეზე ან ნეტარებაზე და ჩქაროსნული მატარებელი ამ დროს შეუჩერებლივ მიჰქრის. ჩვენი გონება ჩუმი და მშვიდია უსასრულობის უსაზღვროებაში, მაგრამ აქ არის მოძრაობა; მიზნისკენ შეუჩერებლივ მიჰქრის მატარებელი. ჩვენ წარმოვიდგენთ მიზანს და მედიტაციას მივყავართ იქამდე.
ჭვრეტაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჭვრეტაში ჩვენ ვგრძნობთ მთელ სამყაროს და ყველაზე შორეულ მიზანს საკუთარ თავში. როდესაც ჩვენ ვჭვრეტთ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში ვიტევთ მთელ სამყაროს მისი უსასრულო სინათლით, სიმშვიდით, ნეტარებითა და ჭეშმარიტებით. არ არის არც აზრები, არც ფორმები, არც იდეები. ჭვრეტისას ყველაფერი ერთიანდება; ყველაფერი ხდება ცნობიერების ერთიანი ნაკადი. ჩვენს უმაღლესს ჭვრეტაში ვგრძნობთ, რომ სხვა არაფერი ვართ, თუ არა თვით ცნობიერება; ჩვენ აბსოლუტთან ერთიანი ვართ. მაგრამ ჩვენს უმაღლეს მედიტაციაში კი დინამიური მოძრაობაა. ეს მოძრაობა არ არის აგრესიული; ჩვენ არავის ვცემთ. სრულებით არა! უბრალოდ ჩვენს ცნობიერებაში სრულდება დინამიური მოძრაობა. მთლიანად ვაცნობიერებთ იმას თუ რა ხდება შინაგან და გარე სამყაროში, მაგრამ ეს ჩვენზე არ მოქმედებს. ჭვრეტისას ჩვენზე ზეგავლენას ვერ ახდენს, თუ რა ხდება გარე და შინაგან სამყაროში. მაგრამ იქ ჩვენ და მთელი ჩვენი არსება ვხდებით განუყრელი ნაწილი იმ სამყაროსი, რომელიც ჩვენში ღრმად არის.

მაშასადამე კონცენტრაციას მოაქვს სიფხიზლის გზავნილი, მედიტაციას მოაქვს უსაზღვრობის გზავნილი, ჭვრეტას კი - განუყოფელი ერთობის გზავნილი. ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას იმიტომ, რომ მიზნის მიღწევა გვსურს. ჩვენ ვმედიტირებთ იმიტომ, რომ გვინდა ვიცხოვროთ მიზნის გულში. ჩვენ ვჭრეტთ იმიტომ, რომ გვინდა მიზნად ვიქცეთ.

ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას გონების გამასხივოსნებელი ჩაწერტებით. ჩვენ ვმედიტირებთ გულის გამაფართოებელი უსაზღვროებით. ვჭვრეტთ ჩვენი სულის ასრულების მომტანი ერთიანობით.

* * *

სულიერი მოგზაურობის დასაწყისში ვგრძნობთ, რომ მედიტაცია მიიღწევა პირადი ძალისხმევით და ოფლის ღვრით. მოგზაურობის ბოლოს კი ვაცნობიერებთ, რომ მედიტაცია ეს ღვთის წყალობაა, მისი უსასრულო შებრალებაა.

ფასი არასდროს ჩანს სამართლიანი. ღმერთის შემეცნებამდე ის გვეჩვენება ძალიან მაღალი. შემეცნების შემდეგ ის ძალიან დაბალია. დამწყებისათვის ზუსტად მედიტაცია არის უმაღლესი რეალობა. მაგრამ როდესაც ის ხდება წინ წაწეული მძებნელი, მან იცის, რომ მედიტაციას მხოლოდ უმაღლესი რეალობისკენ მივყავართ. თუ ადამიანმა დიდხანს იცხოვრა უვიცობაში, თუ მთელი ცხოვრება მას არც ერთი წუთით არ ულოცია, მაშინ მისთვის, ბუნებრივია, მედიტაცია იქნება უზენაესი რეალობა, რომლის მიღწევაც შეუძლია მის ცნობიერებას. მაგრამ იმეცადინებს რა მედიტაციაში რამოდენიმე წელი, მას ესმის, რომ თვით მედიტაცია თავისთავად არ არის უზენაესი რეალობა. უმაღლესი რეალობა ეს ისაა, რასაც ის აღწევს ან რაშიც შეიზრდება, როდესაც მიყვება მედიტაციის გზას.

მოგზაურობა უნდა დავიწყოთ შთაგონებით. ყოველდღე ჩვენს სიღრმეში უნდა ვგრძნობდეთ, რომ იმაში რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შთაგონებაა საჭირო. შთაგონების გარეშე ნამდვილად არაფერი მიიღწევა. შემდეგ უნდა გადადგა მომდევნო ნაბიჯი. შთაგონების შემდეგ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ მისწრაფების საჭიროება. შთაგონება ეს ყველაფერი არაა. იმისათვის რომ მიაღწიო ოქროს, დაინახო ზეზღვრულის ოქროს ნაპირები, საკუთარი თავის მარად გადამლახავი ზეზღვრულისა - უნდა მივისწრაფოდეთ. აი რას ველით ჩვენ მისწრაფებიდან, ამ ჩვენში აღმავალი ალისაგან.

მაგრამ მისწრაფებაც არ კმარა. საჭიროა მედიტირება. მისწრაფება თავის თავში მედიტაციასაც ითავსებს. მედიტირებისას ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ შევდივართ უსასრულობაში, მარადიულობასა და უკვდავებაში. ეს არ არის ბუნდოვანი ტერმინები, არამედ ჩვენი ნამდვილი მფლობელობაა. ოდესმე ღვთაებრივ სამფლობელოში - უსასრულობაში, მარადიულობასა და უკვდავებაში - შესვლის უფლება დაბადებიდან გვაქვს ბოძებული. შემდეგ, როდესაც მედიტაციაში ჩვენ წინ წავიწევთ, როცა მედიტაცია იწყებს ნაყოფის მოტანას, მაშინ შევდივართ რეალიზაციის სამეფოში. ჩვენ ამ სხეულში, აქ დედამიწაზე შევიცნობთ უზენაეს ჭეშმარიტებას. იმისათვის რომ ღმერთი შევიცნოთ საჭირო არაა სადმე წასვლა. იმისათვის, რომ სულიერ პრაქტიკას მივყვებოდეთ არ არის საჭირო განმარტოვება ჰიმალაის გამოქვაბულში, ან ჩამოჯდომა დათოვლილ მთაზე. არა. საჭიროა სულიერების პრაქტიკა აქ დედამიწაზე, ცხოვრების ამაოებასა და ალიაქოთში. ჩვენ უნდა მივიღოთ დედამიწა მის დღევანდელ მდგომარეობაში, ისეთად, როგორიც ის არის. თუ გვეშინია დედამიწის, თუ მას გაურბივართ, მაშინ რეალიზაციაზე, ღმერთზე, მხოლოდ უნდა ვიოცნებოთ. უმაღლესი ჭეშმარიტება ჩვენ უნდა შევიცნოთ აქ, დედამიწაზე.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სწავლება მდუმარედ"

<<< წინა "მედიტაცია: ხილვა"   შემდეგი "ლოცვა და მედიტაცია" >>>

 

ვიდეო ეპიზოდი "მედიტაციის მდუმარებიდან" - შრი ჩინმოი საუბრობს კონცენტრაციაზე, მედიტაციასა და ჭვრეტაზე: