“მისწრაფების ევერესტი” ქართულად

Created Updated

ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა შრი ჩინმოის წიგნი “მისწრაფების ევერესტი“. ის 100 სულიერი ესესგან შედგება.

მისწრაფების ევერესტიეს შთამაგონებელი საუბრები იმ ადამიანის, რომელმაც მწვერვალს მიაღწია, საუკეთესო და საიმედო ორიენტირია იმათთვის, ვინც მიისწრაფვის ზევით, უმაღლესისკენ, წინ, უშორესისკენ, შიგნით, უღრმესისკენ. პოეზიის სილამაზით, პროზის სიცხადით და წმინდა წერილის სიღრმით – ეს საუბრები მიმართულია არა გონებისკენ, არამედ მაძიებლის გულისა და სულისკენ. ეს სპონტანური საუბრები საუკეთესოდ განასახიერებენ ამ სამივე ლიტერატურულ ფორმას, ისინი განკუთვნილნი არიან იმისთვის, რომ წაიკითხო, გადაიკითხო, შეისწავლო, დაიზეპირო და ხშირად იმეორო, რადგან მათი უკვდავი ყვავილები-გზავნილები არასოდეს ჭკნება, მარად იზრდება, იფურჩქნება, ბრწყინდება, ყვავილობს მიზანსწრაფული მკითხველის შინაგან გაცნობიერებულობასთან ერთად, რომელიც უფრო ღრმა და ფართო ხდება.

რამოდენიმე ნაწყვეტი წიგნიდან:

მე ვლოცულობ, მე ვმედიტირებ

მე ვლოცულობ და ვმედიტირებ ღმერთზე.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რადგან ღმერთი ჩემი უფალია, ჩემი უფალი მბრძანებელია, ჩემი უფალი უზენაესია.
მე ვმედიტირებ ღმერთზე, რადგან ღმერთი ჩემი მეგობარია, ჩემი მარადი მეგობარია, ჩემი ერთადერთი მეგობარია.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რადგან ის ძლიერია და მზრუნველი.
მე ვმედიტირებ ღმერთზე, რადგან ის მშვენიერია და ნაყოფიერი.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რათა ვიხილო სიდიადე მისი სახისა.
მე ვმედიტირებ ღმერთზე, რათა ვიგრძნო გული მისი აღტაცებისა.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რათა დამასაჩუქროს იმით, რასაც თავად წარმოადგენს.
მე ვმედიტირებ ღმერთზე, რათა დავიბრუნო ის, რაც დავკარგე.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რათა მიჩვენოს გზა.
მე ვმედიტირებ ღმერთზე, რათა ჩემი ცხოვრების ღამე-უვიცობა სიბრძნე-სინათლედ გარდავქმნა.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რომ ჩემს ადამიანურ ცხოვრებაში ჟღერადობად-ცად ვიქცე.
მე ვმედიტირებ ღმერთზე, რომ ჩემს ღვთაებრივ ცხოვრებაში მდუმარებად-მზედ ვიქცე.

ჩემს სურვილის ცხოვრებაში მე ვლოცულობ ღმერთზე, რადგან ჩემი მოთხოვნილებების მონა ვარ.
ჩემს მისწრაფების ცხოვრებაში მე ვმედიტირებ ღმერთზე, ღმერთი და მე ჩვენი მოთხოვნილებების ურთიერთ დაკმაყოფილებად ვიქეცით.

ჩემს ლოცვას დაუღალავად უყვარს ღვთის ძალა-შებრალება.
ჩემს მედიტაციას უპირობოდ უყვარს ღვთის სინათლე-სამართლიანობა.

ძღვენი-ხსნა მივიღე ჩემი ლოცვისგან.
ძღვენი-სრულყოფილება მივიღე ჩემი მედიტაციისგან.

მე ვლოცულობ და ვმედიტირებ ღმერთზე.

შრი ჩინმოი, “მისწრაფების ევერესტი”

გაიღიმეთ, შეიყვარეთ, მიიღეთ

გაიღიმეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, გაიღიმეთ. მოდით, გავიღიმოთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო სავსეა ტანჯვით და აუტანელი ტკივილით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რომ არ გავიღიმოთ. ჩვენ უნდა გავიღიმოთ, რათა შევამსუბუქოთ სამყაროს ტვირთი-ტანჯვა. ჩვენ უნდა გავიღიმოთ, რათა შევამციროთ უთქმელი ტკივილი.

შეიყვარეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, შეიყვარეთ. მოდით, შევიყვაროთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო სავსეა სიძულვილით და ურწმუნოებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რომ არ გვიყვარდეს და არ გვწამდეს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს და გვწამდეს, რათა დავაშროთ სიძულვილის ზღვა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს და გვწამდეს, რათა ქვა ქვაზე არ დავტოვოთ მთა-ურწმუნობისგან.

მიიღეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, მიიღეთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო გვატყუებდა და გვღალატობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა მივიღოთ სამყარო, რადგან ეს ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობაა – შევცვალოთ სამყაროს იერსახე. მანამ, სანამ არ მივიღებთ სამყაროს, ჩვენ ვერასოდეს გარდავქმნით მას; ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სამყარო, როგორც ჩვენი საკუთარი, სისხლხორციელად საკუთარი, რათა გარდავქმნათ ის.

დაბოლოს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს გავუღიმოთ ჩვენს საყვარელ უზენაესს, შევიყვაროთ ჩვენი საყვარელი უზენაესი და მივიღოთ ჩვენი საყვარელი უზენაესი, რადგან ის ჩვენი მარადისობის საკუთრებაა, ჩვენ კი მისი მარადისობის საკუთრებანი ვართ.

ჩვენ გავუღიმებთ ჩვენს საყვარელ უზენაესს იმიტომ, რომ ის ღვთაებრივად დიადია. ჩვენ შევიყვარებთ ჩვენს საყვარელ უზენაესც იმიტომ, რომ უზენაესად კეთილია. ჩვენ მივიღებთ ჩვენს საყვარელ უზენაესს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მისი მარადიულობის რჩეული ინსტრუმენტები. მის გასახარებლად ისე, როგორც მას სურს, მის აღსასრულებლად ისე, როგორც მას სურს – ამისთვის მოვედით ჩვენ ყველანი ამ ქვეყნად. ის ჩვენი წყაროა. მასში ჩვენ ვხედავთ, მასში ჩვენ ვგრძნობთ, მასში ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ცხოვრების გზას.

გაიღიმეთ, შეიყვარეთ, მიიღეთ. ეს ჩვენი სამყარო უეჭველად ჩვენი საყვარელი უზენაესის პროექციაა, თუმცა ის შორსაა სრულყოფილებისაგან. მაგრამ მოვა დრო, როცა ჩვენ შევძლებთ რადიკალურად გარდავქმნათ ამ სამყაროს იერსახე და ვაქციოთ ის რეალობად-სრულყოფილებად.

მოდით, გავუღიმოთ ღმერთს, შევიყვაროთ და მივიღოთ ის, რადგან ის ყველგანაა მხოლოდ ჩვენთვის, უპირობოდ ჩვენთვის.

შრი ჩინმოი, “მისწრაფების ევერესტი”

იოგა ერთობაა

იოგა შეგნებული ერთობაა.

იოგა შეგნებული ერთობაა იმასთან, რაც მაქვს და იმასთან, რაც ვარ.
ის, რაც მაქვს, ღვთის რეალიზაციაა. ის, რაც ვარ, ღმერთი-აღტაცებაა.

იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის მარადიულ მოვალეობასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის უსასრულო მშვენიერებასთან.
იოგა შეგნებული ერთობაა დედამიწის ვედრებასთან-არასრულფასოვნებასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ზეცის ღიმილთან-თვითკმარობასთან.

იოგა შეგნებული ერთობაა ადამიანის მინდობა-სრულყოფილებასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის კმაყოფილებასთან-მიღებასთან.

იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის ნავთან-ხილვასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის ნაპირთან-რეალობასთან.

შრი ჩინმოი, “მისწრაფების ევერესტი”

წიგნის ნახვა შეგიძლიათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში
ISBN 978-9941-0-5158-6